აგვისტოში რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები 62%-ით შემცირდა
აგვისტოში რუსეთში ახალი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62.4%-ით (ანუ 69.1 ათასი ერთეულით) შემცირდა და 41.6 ათასი შეადგინა. ეს მონაცემები ევროპის ბიზნესის ასოციაციის (AEB) აგვისტოს ანგარიშში გამოქვეყნდა.
მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთის ფედერაციაში 410.5 ათასი ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც 60.7%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვარდნამ პიკს მაისში მიაღწია, როდესაც ბაზარი 83.5%-ით დაეცა.
აგვისტოში სიაში მყოფმა თითქმის ყველა კომპანიამ აჩვენა გაყიდვების შემცირება, განაცხადა AEB-მ.
"АвтоВАЗ"-ის მანქანები რუსეთში გაყიდვების ლიდერებს შორის რჩება: აგვისტოში გაყიდული ავტომობილების თითქმის ნახევარი Lada იყო, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეული Kia, სამეულს ჩინური კომპანია Haval ხურავს.
რუსმა ავტოექსპერტმა იგორ მორჟარეტომ, "РИА Новости"-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსეთში უცხოური მანქანების მარაგი სამიდან ექვს თვემდე გაგრძელდება და ის დასასრულს უახლოვდება.
სხვა მწარმოებლების პოზიციებს აქტიურად ანაცვლებს ჩინეთი.