ამერიკაში უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების ნამსხვრევები შეისწავლეს

აშშ-ს მთავრობამ შეისწავლა ირანული წარმოების კამიკაძე დრონების, Shahed-136-ების ნამსხვრევები, რომლებითაც რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერია განახორციელა. ამის შესახებ 20 ოქტომბერს The Washington Post ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

გამოცემამ აღნიშნა, რომ დრონების სტრუქტურისა და ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს გადამწყვეტი, რაც დაეხმარება აშშ-სა და უკრაინას მათ იდენტიფიცირებაში და შედეგად, კამიკაძე დრონებს იქამდე ჩამოაგდებენ, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ.

The Washington Post წერს, რომ გაუგებარია, თუ როგორ მიიღო აშშ-მ წვდომა დრონის ნამსხვრევებზე, თუმცა პენტაგონი, გაზეთის მტკიცებით, მჭიდრო კოორდინაციას უწევს უკრაინელ სამხედროებს და ინარჩუნებს "მცირე ადმინისტრაციულ წარმომადგენლობას კიევში აშშ-ს საელჩოში". ამ გუნდს, გაზეთის ცნობით, "არმიის ერთვარსკვლავიანი გენერალი" ხელმძღვანელობს.

პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა უპასუხა მედიის შეკითხვას, შეძლო თუ არა შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავის ნარჩენების შესწავლა, უპასუხა. რომ მას "ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს".

გამოცემის ცნობით, ირანული კამიკაძე დრონი Shahed-136 ძალიან დაბლა დაფრინავს და, როგორც ჩანს, შიგნით ცოტა მეტალის ნაწილები აქვს, რაც ართულებს რადარით და სხვა საშუალებებით მის აღმოჩენას. ნამსხვრევების შესწავლა უკრაინულ მხარეს ამ სირთულეების დაძლევაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები