ასლან ბჟანიამ ინალ არძინბას უმაღლესი დიპლომატიური წოდება მიანიჭა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური წოდება მიანიჭა. ამის შესახებ აფხაზეთის ლიდერის ვებგვერდი იუწყება.
ინალ არძინბა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში მუშაობდა დსთ-ს ქვეყნებთან, თვითაღიარებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში. მასში ის ხელმძღვანელობდა უკრაინის სამსახურს.
2018 წელს არძინბა გახდა რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ შექმნილი ახალგაზრდობის საკითხთა რელიგიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე.
2015 წლის ნოემბერში უკრაინის პროკურატურამ არძინბას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებაში, თანამოაზრეების დაქირავებაში და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სუვერენული სახელმწიფო ერთეულის "ბესარაბიის" უკანონო გამოცხადების წინაპირობების შექმნაში. ასევე ტერორისტული ორგანიზაცია "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" წევრობისთვის.
არძინბა უკრაინაში 2015 წლიდან იძებნება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ის წინასწარი გამოძიების ორგანოებს ემალება.