ბლინკენი: სომხეთ-აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებებში არსებითი წინსვლა აქვთ
აზერბაიჯანმა და სომხეთმა "არსებით პროგრესს" მიაღწიეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მოლაპარაკებებეში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 4 მაისს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
"ორმხრივი და სამმხრივი ინტენსიური და კონსტრუქციული დისკუსიების სერიის შემდეგ, მხარეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს რთულ საკითხებში. ორივე მხარემ აჩვენა გულწრფელი ერთგულება ურთიერთობების ნორმალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულების მიმართ", - თქვა ბლინკენმა.
მისი თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი "პრინციპში შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე და უკეთ ესმით ერთმანეთის პოზიციები გადაუჭრელ საკითხებზე."
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მინისტრები დაბრუნდებიან თავიანთ დედაქალაქებში, რათა თავიანთ მთავრობებს გაუზიარონ მესიჯი, რომ "მეტი კეთილგანწყობის, მოქნილობისა და კომპრომისის პირობებში, შეთანხმება მიღწევადია."
"ისინი გააგრძელებენ შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერითა და მონაწილეობით გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობებს", - განაცხადა ბლინკენმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოლაპარაკებების შესახებ საბოლოო განცხადება 4 მაისს გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ მინისტრები შეხვდნენ ბლინკენს, ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს.
"მინისტრებმა და მათმა გუნდებმა მიაღწიეს პროგრესს ორმხრივი შეთანხმების პროექტის ზოგიერთ მუხლში მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ ურთიერთგაგების კუთხით და აღნიშნეს, რომ ზოგიერთ საკითხზე პოზიციები კვლავ განსხვავდება", - ნათქვამია განცხადებებში.
ორივე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების გამართვისთვის. მხარეები დისკუსიის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
მირზოიანმა 3 მაისს განაცხადა, რომ "აზერბაიჯანის ქმედებები მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ, სიძულვილის უმაღლეს დონეზე გაღვივება და ძალის გამოყენების ღია მუქარა, მიუთითებს მთიანი ყარაბაღში ეთნიკური წმენის განზრახვაზე და რეალურ საფრთხეზე."
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ 4 მაისის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას "აბსურდული" უწოდა. აზერბაიჯანის თქმით, სომხეთის პრეტენზიები "აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საგუშაგოს დაყენების" შესახებ მიუღებელია.
"სომხურმა მხარემ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევა და მისი ხანგრძლივი აგრესიული პოლიტიკა აზერბაიჯანის წინააღმდეგ", - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.