ბრიტანეთი: ყირიმში ავიაბაზის აფეთქებამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მნიშვნელოვნად დაასუსტა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური ანალიზი განაახლა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 9 აგვისტოს ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსულ აეროდრომზე სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა, რომლის „გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება“.
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, განადგურებულია ან მძიმედ დაზიანებულია ხუთი Су-24M-ის ტიპის ბომბდამშენი და სამი Су-30СМ-ის მოიერიშე თვითმფრინავი.
სერიოზულად დაზიანდა აეროდრომის ცენტრალური ზონა, თუმცა ასაფრენი ზონა, სავარაუდოდ, კვლავ ფუნქციონირებს, წერია ანგარიშში.
რვა თვითმფრინავის დაკარგვა უკრაინის ომში მონაწილე რუსული ავიაციის საერთო რაოდენობის ფონზე „უმნიშვნელოა“, მიიჩნევენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
თუმცა, ანგარიშის თანახმად, საკის აეროდრომი შავი ზღვის ფლოტის ავიაციის ბაზირების ძირითადი პუნქტი იყო და მისი დაზიანება ფლოტის შესაძლებლობებს „მნიშვნელოვნად დაასუსტებს“.
რუსეთს საკუთარი სტრატეგიის გადახედვა მოუწევს, რადგან აქამდე ყირიმის პირდაპირი საბრძოლო მოქმედებებისგან „დაცულ“ ზონად მოიაზრებდნენ, აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.