ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის არმია დონბასში ტემპს კარგავს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური მიმოხილვა განაახლა.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის არტილერია დონბასის ფრონტზე იერიშებს აგრძელებს, რასაც ზოგ შემთხვევაში მცირე მასშტაბის სახმელეთო იერიშის მცდელობა მოჰყვება.
„თუმცა, ბოლო 72 საათის განმავლობაში [ოკუპანტებს] მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევიათ. ისინი კარგავენ ტემპს, რომელიც ლისიჩანსკის აღების შემდეგ მოიპოვეს“, - ნათქვამია სადაზვერვო ანგარიშში.
თავდაცვის უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთს შეტევის დროს ტემპის დაბრუნება გაუჭირდება „მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების, შეიარაღების და საბჭოთა დროის ტაქტიკის“ გამო.
ანგარიში 13 ივლისს უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებსაც მიმოიხილავს, რომელიც უკრაინიდან ხორბლის ექსპორტს ეხებოდა.
„მიუხედავად...წარმატებული მოლაპარაკებებისა, კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პერსპექტივა სუსტი რჩება“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.