ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინელებმა ლისიჩანსკი დატოვეს, რუსები დონეცკზე გადაერთვებიან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური ანალიზი განაახლა.

ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინელებს ქალაქ ლისიჩანსკის დატოვება მოუწიათ, რომელიც ლუჰანსკის ობლასტში კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო დასახლებული პუნქტი იყო.

ქალაქის შემოგარენში საოკუპაციო ძალებთან ბრძოლა გრძელდება.

რუსეთი ფოკუსს დონეცკის ობლასტის დაპყრობისკენ გადაიტანს, რომლის დიდი ნაწილს კვლავ უკრაინის არმია აკონტროლებს, წერია ანგარიშში.

დონბასისთვის ომი აქამდე ნელი და გამომფიტავი იყო, რაც ახლო მომავალში უცვლელი დარჩება, წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის წამოწყებულ ომს უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გამანადგურებელი შედეგები აქვს.

ჯამში, 2022 წელს  უკრაინაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი გასული წლის მაჩვენებელზე 35 პროცენტით ნაკლები იქნება.

ბრიტანული დაზვერვა უარყოფს კრემლის მტკიცებას, რომ კუნძულ ზმეინის დატოვების შემდეგ მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება.

რეალურად, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის შეფერხებას, რაც მსოფლიო სასურსათო კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს, წერია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები