ჩეჩნეთში მამაკაცებს იტაცებენ, რომლებმაც საერთაშორისო პასპორტი მოითხოვეს
ჩეჩნეთში მასიურად იტაცებენ მამაკაცებს, რომლებმაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პასპორტის აღება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარასკევს, 23 სექტემბერს, ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობის, "ადათის" ტელეგრამის არხზე გავრცელდა.
არხის ცნობით, მინიმუმ ერთი ადამიანი უკანონოდ არის დაკავებული შსს-ს გროზნოს დეპარტამენტის ტერიტორიაზე. პასპორტზე განაცხადის შემდეგ, 2003 წელს დაბადებულ მამაკაცს დაურეკეს და უთხრეს, რომ მონაცემების გასარკვევად საბუთების მიღების ადგილზე მისულიყო.
"ადათის" ცნობით, "კადიროველები" აცხადებენ, რომ მას უკრაინში საომრად გაგზავნიან. ამავდროულად, მამაკაცს აქვს სამხედრო პირადობის მოწმობა "B" კატეგორიით, არასოდეს უმსახურია და არ დაუმთავრებია სამხედრო ფაკულტეტი, აღნიშნავს მოძრაობა.
ჩეჩენი ოპოზიციონერები წერენ, რომ მათ უკვე მიიღეს მრავალი განცხადება მამაკაცების გატაცების და უკრაინაში გაგზავნის მუქარის შესახებ, თუმცა ადგილობრივი უშიშროების ძალების მოქმედების შედეგად დაზარალებულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.