დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლისთვის - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
დასავლეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთის მაქსიმალურ დასუსტებაზე. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ლატვიის რადიო Krustpunktā-ს გადაცემაში განაცხადა.
მინისტრის თქმით, რუსეთში მმართველი რეჟიმისთვის ომი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, გადარჩენის საკითხია, ამიტომ დემოკრატიულ სამყაროს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის ფედერაციის დაშლის და შეიარაღებული უნდა იყოს მოთმინებითა და გამძლეობით.
რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის დაშლის სცენარებისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, კერძოდ, ბირთვული იარაღის, მიგრაციული ნაკადების და რუსეთში შიდა პროცესების შესახებ. მაგრამ ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსეთის ფედერაციის მაქსიმალურ დასუსტებაზე და სამხედრო რეალობას ფრონტზე უკრაინელი სამხედროები განსაზღვრავენ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ბევრ დიდ ქვეყანას არ სჯეროდა უკრაინის უნარის, წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის შემოჭრისთვის. მაგრამ, მისი თქმით, საპირისპიროში დარწმუნებულმა ქვეყნებმა დაიწყეს დახმარების გზების ძიება.
რინკევიჩსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავიდან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ძირითადად საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობით ეხმარებოდნენ, ახლა კი მას უფრო და უფრო თანამედროვე იარაღს აძლევენ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება გაგრძელდება.