ერმაკი: სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ომის აქტიური ფაზა ზამთრისთვის დასრულდეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი მიიჩნევს, რომ „სასიცოცხლოდ აუცილებელია, ომის აქტიური ფაზა ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს“.
ინტერფაქს-უკრაინასთან ინტერვიუში ერმაკმა მშვიდობიან უკრაინელების მსხვერპლზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანზე ისაუბრა.
„რაც უფრო დიდი ხანი დარჩებიან რუსები ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ გამაგრებას შეეცდებიან, მით უფრო რთული იქნება ამ მიწების დეოკუპაცია“, - განაცხადა ერმაკმა.
ერმაკი აღიარებს, რომ ომის ზამთრამდე დასრულება „რთული და ამბიციური ამოცანა“ იქნება.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დეოკუპაციის მიზანს მივაღწიოთ. ამას ჩვენს პარტნიორებსაც ვუხსნით, რომლებიც ჩვენს პოზიციას იზიარებენ“, - ამბობს ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი.
ერმაკი მიიჩნევს, რომ ომის გაწელვა რუსეთის არმიის ინტერესებშია. მისი თქმით, უკრაინამ ამ სცენარს ფრონტზე მიღწეული წარმატებები შეუძლია დაუპირისპიროს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მოსკოვთან დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებას „ნაკლებად სავარაუდოდ“ მიიჩნევს.
„პრეზიდენტმა პოზიცია მკაფიოდ ჩამოაყალიბა: მოლაპარაკებების დაწყების საფუძვლად 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის არმიის ნაწილების გაყვანა შეიძლება იქცეს.
მრავალჯერ განვაცხადეთ და კვლავ ამ პოზიციაზე ვრჩებით: უკრაინის დამოუკიდებლობასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებით არავითარ კომპრომისზე არ წავალთ“, - აცხადებს ერმაკი.