ევროკავშირმა ისრაელში გააუქმა ღონისძიება, რომელზე გამოსვლასაც ბენ-გვირი გეგმავდა
ისრაელში ევროკავშირის მისიამ ორშაბათს განაცხადა, რომ თელ-ავივში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გააუქმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ისრაელის ულტრამემარჯვენე უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ღონისძიებაზე დაესწრებას და სიტყვით გამოსვლას გეგმავდა.
"ისრაელში ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუთმენლად ელის ევროპის დღის აღნიშვნას 9 მაისს, როგორც ამას ყოველწლიურად აკეთებს", - ნათქვამია მისიის განცხადებაში Twitter-ზე. "სამწუხაროდ, წელს ჩვენ გადავწყვიტეთ გავაუქმოთ დიპლომატიური მიღება, რადგან არ გვინდა პლატფორმა მიცეთ ისეთ ადამიანს, რომლის შეხედულებებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს."
იტამარ ბენ-გვირი ისრაელის ქნესეთში ულტრა-მემარჯვენე პარტია "ებრაული ძალის" ლიდერია. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-რელიგიური ბანაკის გამარჯვების შემდეგ, მისი პარტია სამთავრობო კოალიციის ნაწილი გახდა, თავად ბენ-გვირი კი - უშიშროების მინისტრი.
ბენ-გვირი ცნობილია არაბების მიმართ ქსენოფობიური განცხადებებით. ის ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონპროექტის ინიციატორია.
The Times of Israel-მა კვირას დაწერა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა ისრაელის მთავრობას სთხოვა ღონისძიებაზე სხვა წარმომადგენელი გამოეგზავნა, მაგრამ ბენ-გვირი დაჟინებით მოითხოვდა სიტყვით გამოსვლას.