რუსეთმა ბიუჯეტის მეოთხედი უკრაინასთან ომზე დახარჯა - Forbes
უკრაინის წინააღმდეგ ომის ცხრა თვის განმავლობაში, რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედია. ამ მონაცემებს ჟურნალ Forbes-ის უკრაინული რედაქცია 24 ნოემბერს ავრცელებს.
ეს თანხა მოიცავს პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, სტაბილური თავდაცვის ხარჯებისა და სანქციების შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინების გარეშე.
Forbes წერს, რომ მას შემდეგ, რაც 2021 წელს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შემოსავალმა 340 მილიარდი დოლარი შეადგინა, ომის ხარჯების ამჟამინდელი ოდენობა ამ ქვეყნის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის გასაგრძელებლად კრემლს მეტი ფული დასჭირდება ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემოსავლების შემცირების, ევროკავშირის გაზის ბაზრის უმეტესი ნაწილის დაკარგვის და რუსულ ნავთობზე სანქციების ფონზე, რომელიც დეკემბრიდან შევა ძალაში.
ანალიტიკოსების აზრით, შემოდგომაზე რუსეთისთვის ომის ხარჯები გაორმაგდა და ახლა თვეში მინიმუმ 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რუსეთი საშუალოდ დღეში 200 დოლარს ხარჯავს თავის ერთ ჯარისკაცზე. საომარ მოქმედებებში ჩართული სამხედროებისთვის ხელფასის ჯამური ღირებულება, მობილიზაციის შემდეგ, თვეში დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარია. თუ ზაფხულში დაღუპულთა და დაჭრილთათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა თვეში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ომის ბოლო თვეში თანხამ 3.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
სხვადასხვა შეფასებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში დღეში 10 000-დან 50 000 ჭურვამდე ხარჯავდა, რაც 5.5 მილიარდ დოლარზე მეტია. რუსულმა ჯარებმა უკრაინას 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. თითოეული მათგანის ღირებულება საშუალოდ 3 მილიონი დოლარია.
რუსეთმა ასევე 278 საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინაში დაკარგა, საშუალოდ მათი ფასი 18 მილიონი დოლარია და 261 შვეულმფრენი, რომელთა საშუალო ფასიც 10.4 მილიონი დოლარია. რუსული სამხედრო ავიაციის ჯამური ზარალი ფულადი თვალსაზრისით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ ომის ცხრა თვეში რუსეთმა 20.8 მილიარდი დოლარის ტექნიკა დაკარგა.