გზა ერდოღანის დამარცხებამდე?- რას ცვლის ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნა
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა მონაწილემ - მუჰარემ ინჯემ კანდიდატურა მოხსნა, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს.
"ვხსნი ჩემს კანდიდატურას, ამას ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ ვაკეთებ,"- განაცხადა ინჯემ, რომელმაც საკუთარ მომხრეებს, მხარდაჭერისკენ საპარლამენტო არჩევნებში მოუწოდა.
ინჯეს თქმით, მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია იყო გაჩაღებული, რის გამოც გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო მარათონს გამოთიშულიყო.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება და კვლევების თანახმად, არსებობს მაღალა ალბათობა, რომ ერდოღანმა ძალაუფლება დაკარგოს.
ამ კონტექსტში, ყოფილი საპრეიზდენტო კანდიდატის დღევანდელი გადაწყვეტილება, შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მიმოხილველების აზრით, მუჰარემ ინჯეს მხარდამჭერები, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 2-3%-ს შეადგენდა, მეორე არჩევანის სახით, ქემალ ქილიჩდაროღლუს კანდიდატურას განიხილავენ.
Konda-ს მიერ 6 და 7 მაისს ჩატარებული კვლევის თანახმად, ექვსი ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს - ქემალ ქილიჩდაროღლუს 49.3%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, ხოლო მოქმედ პრეიზიდენტის მაჩვენებელმა 43.7% შეადგინა.
ეს კვლევა, ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნამდეა ჩატარებული.
თურქული კანონმდებლობის თანახმად, პირველ ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად, 50%-იანი მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო, რასთანაც ქემალ ქილიჩდაროღლუ ძალიან ახლოს არის.
მუჰამერ ინჯე არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის, რამდენიმე თვის წინ ოპოზიციური ბანაკიდან მკაცრად გააკრიტიკეს, რადგანაც მიჩნეული იყო, რომ იგი ხმებს ქილიჩდაროღლუს ართმევდა, რაც ცალსახად ერდოღანის წისქვილზე ასხამდა წყალს.
59 წლის პოლიტიკოსის მიერ, დღეს გაჟღარებული გადაწყვეტილების შემდეგ, სიტუაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად შიცვალოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ქემალ ქილიჩდაროღლუს გარდა, არჩევნებში კიდევ ერთი მონაწილე, სინან ოგანია დარჩენილი, რომელსაც Konda-ს მონაცემის თანახმად - 4,8%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამავე ორგანიზაციის თანახმად, ოგანის ამომრჩევლების უდიდესი უმრავლესობა, მეორე ტურში ქემალ ქილიჩდაროღლუს აირჩევს.
ეკონომიკური კრიზისისა და დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე, რეჯეფ-თაიფ ერდოღანს არჩევნებზე მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს.
დაძაბული სიტუაციაა საპარლამენტო არჩევნების კუთხითაც, რადგანაც ერდოღანის და ქილიჩდაღორლუს პოლიტიკური გაერთიანებები 40%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქურთული პარტიისა (HDP) და მისი მემარცხენე პარტნიორების (სავარაუდო რეიტინგი - 12%) არჩევანზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი ბანაკი შეძლებს გამარჯვებას.
არსებული ინფორმაციითა და პროგნოზით, პრო-ქურთული პარტია მხარს ქემალ ქილიჩდაროღლუს დაუჭერს.
თურქეთში ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანის გაკეთება 14 მაისს შეეძლებათ, ხოლო ემიგრაციაში მყოფი თურქები, ხმას უფრო ადრე დააფიქსირებენ.