ჰაიდაი: სევეროდონეცკის დატოვება მოგვიწევს
ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის არმიას უახლოეს დღეებში ქალაქ სევეროდონეცკის დატოვება მოუწევს.
„სამწუხაროდ, ჩვენი სამხედროების სევეროდონეცკიდან გამოყვანა მოგვიწევს...პოზიციებზე დარჩენას აზრი არ აქვს, მხოლოდ დაღუპულების რაოდენობა გაიზრდება“, - წერს ჰაიდაი.
მისი თქმით, რუსების ყოველდღიური საარტილერიო დაბომბვების შედეგად ქალაქში შენობების 90 პროცენტი დანგრეული ან დაზიანებულია.
ოკუპანტებმა სევეროდონეცკის მეზობლად მდებარე ქალაქ ლისიჩანსკთან ახლოს მდებარე დასახლება ნიკოლაევკას აღება მოახერხეს.
ნიკოლაევკა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბახმუტი-ლისიჩანსკის ტრასაზე მდებარეობს, რომელიც უკრაინული არმიის მომარაგების ერთ-ერთ ხაზს წარმოადგენს.
სევეროდონეცკი ბოლო დრომდე ლუჰანსკში უკრაინული წინააღმდეგობის ერთ-ერთ უკანასკნელ პუნქტად რჩება.
უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანები აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე არიან გამაგრებულები.