ჰაიდაი: სევეროდონეცკში უკრაინელების კონტროლის ქვეშ მხოლოდ აზოტის ქარხანა რჩება

ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ ქალაქ სევეროდონეცკში უკრაინელი სამხედროები მხოლოდ აზოტის ქიმიური ქარხნის ტერიტორიას აკონტროლებენ.

ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ფრონტის მთელს ხაზზე „ვითარება დამძიმდა“.

„რუსმა ოკუპანტებმა ფართომასშტაბიანი იერიში წამოიწყეს, მათ საკმარისი რაოდენობის რეზერვები დააგროვეს და დღეს ყველა თავისუფალი დასახლებული პუნქტი ცეცხლის ქვეშ იმყოფება“, - ამბობს ჰაიდაი.

სევეროდონეცკში, რომელიც ლუჰანსკის ობლასტში უკრაინული წინააღმდეგობის ერთ-ერთი ბოლო წერტილად რჩება, რუსები მაისის ბოლოს შევიდნენ.

მას შემდეგ ქალაქის ბრძლებში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.

მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის მსგავსად, სევეროდონეცკის აზოტის ქარხანას თავს სამხედროებთან ერთად მშვიდობიანი უკრაინელებიც აფარებენ.

 

გუშინ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა დაადასტურა, რომ აზოტის ტერიტორიაზე 300-მდე მშვიდობიანი მოსახლე იმყოფება, რომელთა უმრავლესობას „ევაკუაცია არ სურს“.

ჰაიდაის თქმით, ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების ევაკუაცია ძალიან გართულებულია.

ცოტა ხნის წინ რუსეთის არმიამ მდინარე სივერსკი დონეცზე მდებარე სამივე ხიდი გაანადგურა.

სავარაუდოდ, რუსეთი სევეროდონეცკის სრულ ალყაში მოქცევას უმიზნებს.

მსგავსი სიახლეები