ISW: პუტინი ომში "მოხალისეებს" ეყრდნობა

კრემლი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ე.წ. "მოხალისეების" შეკრებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის, რომელშიც შედიან დაქირავებულები, ტყვეები და კაზაკთა ნაწილებიც კი. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ორშაბათს, 19 სექტემბერს წერს.  

ამავდროულად, პუტინი იღებს გადაწყვეტილებებს ომში "მოხალისეების" მონაწილეობის შესახებ უმაღლესი სამხედრო სარდლობის თანხმობის გარეშე, რაც აუარესებს ურთიერთობებს პრეზიდენტსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის.

ISW-ის თანახმად, პუტინი მეტ ყურადღებას აქცევს "მოხალისეების" დაკომპლექტებას და "მარიონეტულ ფორმირებებთან" მუშაობას იმის ნაცვლად, რომ დაეყრდნოს რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარების რეზერვების შევსებას მობილიზაციის გზით. თუმცა, ინსტიტუტის თქმით, ხარკოვში უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევამდეც, პრეზიდენტი კოორდინაციას არ უწევდა ზოგიერთ მოქმედებას სარდლობასთან.

"მოხალისეები" აჩვენებენ, თუ რამდენად ძლიერია განხეთქილება არმიაში

ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ომში მონაწილეობის მისაღებად რეკრუტირება ხდება როგორც პატიმრებში, ასევე კაზაკთა ნაწილებში და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში. პარალელურად, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მამაკაცთა იძულებითი მობილიზაცია მიმდინარეობს.

ISW-ს აზრით, ამ გზით შეკრებილი არმიის ქვედანაყოფი არაეფექტური იქნება, და ერთადერთი, რაც მათ გააერთიანებს, არის "მომზადების სრულიად არაადეკვატური დონე".

ასეთი ქვედანაყოფების ფორმირებამ შეიძლება გააძლიეროს ისედაც ძლიერი დაძაბულობა, უთანასწორობა და შეუსაბამობა, რასაც ექსპერტები ხედავენ რუსულ ჯარებში.

ISW-ის ცნობით, მებრძოლები არ იღებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაპირებულ შეღავათებს, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ჯარისკაცები კი უარს ამბობენ ერთმანეთის ტერიტორიებზე ბრძოლაზე. ასევე შესამჩნევია ეთნიკური დისკრიმინაცია ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მიერ კონტროლირებად დანაყოფებში.

გადამდგარი რუსი ოფიცრები აკრიტიკებენ კრემლის გადაწყვეტილებას კოლონიებში შეკრიბოს ადამიანები უკრაინაში საომრად და მიუთითებენ "მოხალისეებში" დისციპლინის ნაკლებობაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი პროფესიონალ სამხედროებთან. ამავდროულად, ნაჩქარევად გაწვრთნილი ქვედანაყოფების ფორმირება ნაკლებად უწყობს ხელს რუსული ჯარების გაძლიერებას, რადგან, მიუხედავად ფრონტზე "მოხალისეების" ჩასვლის მზარდი ცნობებისა, რუსეთს არ შეუძლია მათი მონაწილეობით ოპერაციების ჩატარება. 

მსგავსი სიახლეები