კრემლის მაღალჩინოსანი ოკუპირებულ ხერსონსა და მელიტოპოლში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქებში - ხერსონსა და მელიტოპოლში - ჩავიდა.

კირიენკოს განცხადებით, კრემლი ომის შედეგად დაკავებული ტერიტორიების რუსეთისთვის მიერთებას აპირებს.

„[ამ ტერიტორიების] რუსეთის შემადგენლობაში ჩართვა სრულყოფილი იქნება, ისე, როგორც ყირიმის შემთხვევაში იყო“, - განაცხადა კირიენკომ.

ერთი თვის წინ კირიენკო, რომელსაც პუტინმა ოკუპირებული დონბასის კურატორობა ჩააბარა, მარიუპოლში იმყოფებოდა, სადაც პროპაგანდისტული მემორიალი გახსნა.

ანექსიის გეგმებზე საუბრობენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული კოლაბორანტი ლიდერები.

მელიტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსმა გალინა დანილჩენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციაში „შესვლის“ შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებენ.

„ვიცით, ჩვენი მომავალი რუსეთშია. ვიწყებთ მზადებას რეფერენდუმისთვის“, - თქვა დანილჩენკომ.

 

მსგავსი სიახლეები