კულებამ და ბლინკენმა "რუსეთის სისასტიკის გლობალური შედეგები" განიხილეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კამბოჯაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა 12 ნოემბერს Twitter-ზე განაცხადა.
"ხაზგასმით აღვნიშნე, რომ როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ესალმებიან ხერსონის მცხოვრებლები სიხარულის ცრემლებით თავის განმათავისუფლებლებს, ჩვენ ასევე ვგრძნობთ მადლიერებას შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ", - წერს კულება.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ბლინკენს აშშ-ს ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის უფრო თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გადაცემისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობას "ღირებული" უწოდა.
"ჩვენ განვიხილეთ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც მოსკოვის სისასტიკის გლობალური შედეგები", - თქვა ბლინკენმა.