კვლევა: რუსების 10% გრძნობს თავს დამნაშავედ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე
რუსეთის მოქალაქეების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები რუსეთის "ლევადა-ცენტრმა" 1 სექტემბერს გამოაქვეყნა.
შეკითხვაზე, საომარი მოქმედებების გაგრძელება აჯობებს თუ მოლაპარაკებებზე გადასვლა, საზოგადოება თითქმის თანაბრად გაიყო: გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი (48%) მიიჩნევს, რომ აუცილებელია საომარი მოქმედებების გაგრძელება, ოდნავ ნაკლები (44%), რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
ამავდროულად, საომარი მოქმედებების გაგრძელებას მხარს უჭერენ უფროსი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები - 40-54 წლის (53%) და 55 წელზე უფროსი ასაკის (55%).
18-24 და 25-39 ასაკობრივ ჯგუფებში სიტუაცია საპირისპიროა: სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობის შესახებ პოზიციას უმრავლესობა მხარს უჭერს.
მაგრამ კითხვაზე, ეკისრებათ თუ არა რუსებს მორალური პასუხისმგებლობა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ნგრევისთვის, რესპონდენტთა 60%-მა უპასუხა, რომ არა. გამოკითხულთა მხოლოდ 10% გრძნობს თავს დამნაშავედ.
25-31 აგვისტოს ჩატარებულ კვლევაში 18 წლის და მეტი ასაკის 1612 მოქალაქე მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის 50 სუბიექტის 137 დასახლებაში. კვლევა რესპონდენტის სახლში პირადი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.