მაკკონელი: უკრაინას ATACMS-ის რაკეტები და ტანკები უნდა გადავცეთ
აშშ-ს სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა უკრაინის სამხედრო დახმარება გაზარდოს და ახალი ტიპის იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ მან კაპიტოლიუმში გამოსვლისას განაცხადა.
სენატორმა აღნიშნა უკრაინის წარმატებები დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მაგალითზე თქვა, რომ ისინი აკავებენ ტოტალიტარულ რეჟიმებს. თუმცა, რამდენიმე ავტორიტარული ქვეყანა აგრძელებს რუსეთის დახმარებას, კერძოდ, ირანი და ჩრდილოეთ კორეა იარაღს აწვდიან რუსეთის ფედერაციას, ჩინეთი კი მხარს უჭერს რუსულ ნარატივებს.
"უკრაინელებს სჭირდებათ მეტი იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ, მაგრამ მათ უნდა დაიწყონ უფრო სწრაფად მიღება და ასევე სჭირდებათ ახალი შესაძლებლობები, როგორიცაა უფრო გრძელ დისტანციაზე მოქმედი ATACMS, უფრო დიდი დრონები და ტანკები", - თქვა სენატორმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები სწრაფად ეუფლებიან დასავლურ იარაღს.
"მათ სწრაფად შეისწავლეს მოწინავე სისტემები, როგორიცაა HIMARS, Javelin და Stinger რაკეტები. დასავლეთის ყოყმანი ამ იარაღის გადაცემაზე, მათ სიცოცხლის ფასად უჯდებათ. საშინელებათა თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ადრე მიაწოდებნენ უკრაინას ამ ინსტრუმენტებს." -თქვა მაკკონელმა.
რესპუბლიკელების ლიდერმა მოუწოდა ბაიდენს აუხსნას დასავლეთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მათ უნდა გაზარდონ თავიანთი წვლილი უკრაინის დაცვაში.
კონტექსტი
დასავლურმა ქვეყნებმა უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები M270 და HIMARS გადასცა, რომლის რაკეტების მოქმედების დიაპაზონი 70 კმ-ია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, უკრაინას სჭირდება მინიმუმ 50 HIMARS ან M270 სისტემა და 300 კმ-ზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები.
16 აგვისტოს რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ATACMS-ის გადაცემის შესახებ.