მობილიზაციის გამო ზოგიერთ რუსულ სკოლაში მასწავლებელთა დეფიციტია
რუსეთში, მობილიზაციის დაწყების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა მასწავლებლების დეფიციტი: ზოგი გაიწვიეს, ზოგმა ქვეყანა დატოვა, შედეგად, გაკვეთილები ცდება. ამის შესახებ ინფორმაციას 9 ოქტომბერს გამოცემა "Верстка" ავრცელებს.
სხვადასხვა რუსული სკოლების მასწავლებლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, მასწავლებლები იმალებიან ან ემიგრაციაში მიდიან, როგორც კაცები, ასევე ქალები.
პეტერბურგის კერძო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა, რომელმაც 25 სექტემბრის ღამეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი ფეხით გადაკვეთა, "Верстка"-ს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მობილიზაციის მოლოდინში არ გარისკავდა, რადგან ის თადარიგის ოფიცერი იყო.
39 წლის მასწავლებლის თქმით, მასწავლებელთა 80%-მა დატოვა სკოლა ან წასვლას უახლოეს მომავალში აპირებს - ხუთი მასწავლებლიდან ორი და მეტი მასწავლებელი, რომელიც ქმრებს გაჰყვება. ამიტომ, მისი თქმით, დაწესებულების ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს სკოლის დახურვის ან გადატანის საკითხს.
ინგლისური ენის ახალგაზრდა მასწავლებელმა იამალო-ნენეცის ოლქიდან, დიმიტრიმ (სახელი შეცვლილია), ასევე დატოვა რუსეთი. მისი თქმით, გამგზავრების მომენტისთვის სკოლის სამი თანამშრომელი იყო მობილიზებული. მასწავლებლის თქმით, მას "კარის ყოველი ზარი აშინებდა".
ზოგიერთ სკოლაში ვითარება კრიტიკული გახდა - მასწავლებელი აღარ დარჩა. მასწავლებლების პროფკავშირის ხელმძღვანელმა იური ვარლამოვმა "Верстка"-ს განუცხადა, რომ ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვირაში 100-დან 120-მდე სასწავლო საათია გამოტოვებული და ამ ხალხის შემცვლელი არავინაა.
"ზოგჯერ მთელი საგნები აკლია განრიგს", - დასძინა მან.
გამოცემის ცნობით, არა მარტო უბრალო მასწავლებლები, არამედ "დამსახურებულებიც" მიჰყავთ. ასე მაგალითად, სექტემბრის ბოლოს, მასწავლებელმა უფადან მირას იშდავლტოვმა მიიღო "ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის" წოდება - და ერთი დღის შემდეგ მისი მობილიზება მოხდა.
"Верстка" წერს, რომ დაუცველობის განცდა რუს მასწავლებლებს შორის მძაფრდება, რადგან ზოგიერთ მათგანს გაწვევის დოკუმენტი სკოლაში, ზოგჯერ მთელი კლასის თვალწინ გადაეცათ.