ნავალნის რუსებს მოუწოდა ხმა "ომის, სიცრუის და კორუფციის წინააღმდეგ" მისცენ
რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მოსახლეობას მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ 11 სექტემბერს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებში. პოსტი ნავალნის სახელით, რომელიც ვლადიმირის რეგიონის მკაცრი რეჟიმის მე-6 კოლონიაში იმყოფება, ტვიტერზე სამშაბათს, 6 სექტემბერს გამოქვეყნდა.
"წადით და მიეცით ხმა ჭკვიანურად. 11 სექტემბერს უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ", - აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა. მან დასძინა, რომ წელს მისი გუნდი "რეკომენდაციებს მხოლოდ მოსკოვში, მუნიციპალურ არჩევნებზე გასცემენ".
ალექსეი ნავალნიმ აღნიშნა, რომ მისმა მხარდამჭერებმა გასწიეს "უზარმაზარი სამუშაო, რათა დაარღვიონ პუტინის ბლოკირებისა და ცენზურის ყველა სისტემა" და უზრუნველყონ "თავისუფალი და მოსახერხებელი წვდომა" "ჭკვიანური ხმის მიცემის" სისტემით.
"ჩვენ Apple-თან და Google-თან შევთანხმდით, რომ აღედგინათ ჩვენი აპლიკაცია, რომელიც მათ ერთი წლის წინ წაშალეს და კრემლის შანტაჟს დაემორჩილნენ", - თქვა ნავალნიმ.
"პუტინი და 'ერთიანი რუსეთი' არის ომი, ტყუილი, კორუფცია"
ნავალნის თქმით, "ჭკვიანური ხმის მიცემის" ეფექტურობის საუკეთესო შეფასება, "როგორც ყოველთვის, მოცემულია თავად ხელისუფლების მიერ, ველურ ისტერიაში, ბოლო ორი თვის განმავლობაში უსიამოვნო კანდიდატების მოხსნაში".
"პუტინი და "ერთიანი რუსეთი" არის ომი, ტყუილი, კორუფცია და სიღარიბე. "ჭკვიანური ხმის მიცემაში" მონაწილეობით თქვენ ხმას აძლევთ ომის, ტყუილის, კორუფციის და სიღარიბის წინააღმდეგ", - შეაჯამა ოპოზიციონერმა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების ბოიკოტის მომხრეები უფრო ეფექტურ გზას აირჩევენ.
9-დან 11 სექტემბრამდე რუსეთის 82 რეგიონში 4600-ზე მეტი სხვადასხვა დონის არჩევნები გაიმართება, მათ შორის რეგიონების უმაღლესი თანამდებობის პირების, საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატებისა და მუნიციპალური პოლიტიკოსების.
ყველაზე მნიშვნელოვანი 11 სექტემბერს ჩასატარებელი მოსკოვის მუნიციპალური არჩევნებია, სადაც რუსეთის დედაქალაქის სხვადასხვა ოლქებში 1 502 მუნიციპალურ დეპუტატს აირჩევენ.