ნორვეგიაში დრონების გადაზიდვისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ნორვეგიის პროვინცია ფინმარკის სასამართლომ ორი კვირით დააკავა რუსეთის 50 წლის მოქალაქე, რომელიც  საზღვარზე ორი უპილოტო საფრენი აპარატითა და ელექტრონული დისკებით გადასვლას ცდილობდა. ამის შესახებ პარასკევს, 14 ოქტომბერს გაზეთი Verdens Gang და სააგენტო AFP იტყობინება.

რუსეთის მოქალაქე მესაზღვრეებმა სტორსკოგში 11 ოქტომბერს გააჩერეს. ის რუსეთში ნორვეგიაში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, რომელიც აგვისტოში დაიწყო.

"ჩვეულებრივი შემოწმების დროს, საბაჟო და პოლიციის თანამშრომლებმა მის ბარგში დრონები იპოვეს", - განუცხადა NRK-ს პოლიციის ადვოკატმა ანჯა მიკელსენ ინდბიორმა.

გარდა ამისა, მამაკაცს ჰქონდა ელექტრონული დისკები ოთხი ტერაბაიტი სურათებით და ვიდეოებით, რომელთაგან ზოგიერთი დაშიფრული იყო. მან განმარტა, რომ ის პროფესიონალი ფოტოგრაფია და თავისი მოგზაურობის დროს იყენებდა დრონებს. დაკავებულს ბრალად ედება სანქციების დარღვევა, რომელიც რუსებს უკრძალავს ნორვეგიაში დრონების გამოყენებას. ნორვეგიის ხელისუფლებამ ასეთი შეზღუდვა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ შემოიღო.

სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სჭირდებოდა მამაკაცის მასალების არქივის შესწავლა. ამასთან, სასამართლო შიშობს, რომ დაკავებული გაქცევას შეეცდება, რადგან ის ნორვეგიის მოქალაქე არ არის და ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

ბოლო დროს, დრონები არაერთხელ დაფიქსირდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებთან ნორვეგიასა და დანიაში, მათ შორის გაზის გადამამუშავებელი ქარხნებისა და ნავთობის პლატფორმების თავზე. 

მსგავსი სიახლეები