ოკუპირებულ ლუჰანსკში ორი აფეთქება მოხდა
რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ლუჰანსკში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ РИА Новости და რუსული ტელეგრამის არხი Mash წერენ.
პროპაგანდისტები იუწყებიან, რომ ოკუპირებულ ქალაქში 2 აფეთქება მოხდა, კვამლი ერთ-ერთი ქარხნის მიდამოში ჩანდა.
გამოცემა Бабель-ის მთავარმა რედაქტორმა ევგენი სპირინმა აღნიშნა, რომ აფეთქება მოხდა ქარხანაში, სადაც საბრძოლო მასალა მზადდებოდა.
უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ განაცხადა, რომ ქარხნის გარდა, დაიბომბა ნავთობის საცავიც, რომელსაც ქარხნის მსგავსად რუსი სამხედროები იყენებდნენ.
ლუჰანსკელი ბოევიკები ვარაუდობენ, რომ ქალაქში მდებარე ობიექტები უკრაინული წარმოების Грім-2-ის რაკეტებით დაბომბეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ოკუპირებული ლუჰანსკი ფრონტის ხაზიდან თითქმის 90 კილომეტრში მდებარეობს.
გარდა ამისა, პროპაგანდისტები იუწყებიან, რომ ამ დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სიძე აფეთქების ადგილიდან არც თუ ისე შორს იმყოფებოდა.
12 მაისს რუსები და ადილობრივი პრო-რუსი სეპარატისტები ლუჰანსკში "რესპუბლიკის დღეს" აღნიშნავენ.