ომის კვლევის ინსტიტუტი: რუსეთი ხარკოვზე იერიშისთვის ემზადება
ვაშინგტონში მდებარე ომის კვლევის ინსტიტუტში (ISW) მიიჩნევენ, რომ რუსეთის არმია ხარკოვის ოლქზე იერიშს ამზადებს.
რუსეთის არმიამ ქალაქ იზიუმის ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთში ადგილობრივი იერიშები განაახლა.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსები პოზიციებს ამაგრებდნენ დასახლებებთან ბალაკლეი და დიდი კამიშევახი. ოკუპანტებმა ამ ორი რაიონის თავდასხმითი ოპერაციის პლაცდარმად გამოყენება შეიძლება სცადონ, აცხადებენ ISW-ს ექსპერტები.
სამხედრო ანალიტიკოსები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ რუსეთის არმია ქალაქ ხარკოვის - უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის - დაკავებას შეძლებს.
ხარკოვის ფრონტზე ოკუპანტების პოზიციას დონბასში წინსვლასთან დაკავშირებული პრობლემებიც ასუსტებს.