პრიგოჟინს C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრები "ვაგნერში" მიჰყავს - ბრიტანული დაზვერვა
რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა", სავარაუდოდ, დაიწყო სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანების, მათ შორის აივ-ინფიცირებული ადამიანების რეკრუტირება. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 30 ოქტომბერს Twitter-ზე წერს.
"2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა სოციალურ ქსელებში, როგორც ჩანს, აღიარა ბრალდებები იმის შესახებ, რომ მისმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" შეცვალა სტანდარტები და რეკრუტირებას უწევს რუს მსჯავრდებულებს, რომლებსაც აქვთ სერიოზული დაავადებები, მათ შორის აივ ინფექცია და C ჰეპატიტი." - წერს ბრიტანული დაზვერვა.
დაზვერვამ აღნიშნა, რომ ვაგნერის როლი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
"წინა კონფლიქტებში ის ინარჩუნებდა რეკრუტირების შედარებით მაღალ სტანდარტებს და მისი ბევრი წევრი ადრე მსახურობდა პროფესიონალ რუსი ჯარისკაცად. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პატიმრების მიღება ნიშნავს, რომ ისინი ამჟამად უპირატესობას ანიჭებენ რაოდენობას და არა გამოცდილებას ან ხარისხს. პრიგოჟინმა ახლახან განიხილა აღმოსავლეთ უკრაინაში 200 კილომეტრიანი თავდაცვითი "ვაგნერის ხაზის" შექმნის გეგმები. ამას დიდი სამუშაო ძალა დასჭირდება. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი მსჯავრდებული კიდევ ჩაერთოს თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაში", - აცხადებს ბრიტანული მხარე.