პუტინი: არ გავგიჟებულვართ, ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას არ ვაპირებთ

ვლადიმირ პუტინის თქმით, ბირთვული ომის საფრთხე მატულობს, თუმცა რუსეთი არ აპირებს, რომ ბირთვული იარაღი "სამართებელივით აქნიოს." 

ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

"დიახ, მართალი ხართ. ამის საფრთხე [ბირთვული ომის] იზრდება, აქ არაფერია დასამალი. რაც შეეხება დათქმას, რომ რუსეთი არ იქნება მხარე, რომელიც პირველი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს...

თუ გარემოების მიუხედავად, პირველი ჩვენ არ გამოვიყენებთ, მაშინ მეორე მხარეც არ გამოიყენებს, რადგანაც რუსეთის ტერიტორიაზე, ბირთვული დარტყმის განხორციელება, ძალიან შეზღუდულია"- განაცხადა პუტინმა.

ამასთანავე, პუტინი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების სტრატეგია დაფუძნებულია ე.წ. საპასუხო-შემხვედრ დარტყმაზე. 

"ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს ყველა საშუალებით, ჩვენ არ გავგიჟებულვართ, ვიაზრებთ რას ნიშნავს ბირთვული იარაღი. ჩვენი ბირთვული შეიარაღება უფრო დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბირთვული სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ბირთვული იარაღი სამართებელივით ვაქნიოთ მთელ მსოფლიოში.

ამასთანავე, ვხელმძღვანელობთ იმით, რომ ჩვენ ასეთი იარაღი გაგვაჩნია, რაც შემაკავაბელი ფაქტორია."

უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი, ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხს, არაერთხელ შეეხო. 

 

მსგავსი სიახლეები