პუტინი: დასავლეთის სანქციები გვიბიძგებს, დავაჩქაროთ ბელარუსთან გაერთიანება
„დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო პოლიტიკური წნეხი და სანქციები გვიბიძგებს, რომ [ბელარუსთან] გაერთიანების პროცესები დავაჩქაროთ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის და ბელარუსის რეგიონების ფორუმზე გამოსვლისას.
პუტინის განცხადებით, მან სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრ ლუკაშენკასთან ერთად ბელარუსული საქონლისთვის რუსეთის ბალტიის პორტების გამოყენების შესაძლებლობა განიხილა.
ლუკაშენკომ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს, ბელარუსის მსგავსად, რუსეთთან დაახლოებისკენ მოუწოდა.
„მათ, ვინც ჯერ კიდევ ეჭვები აქვთ, უნდა გაიაზრონ, რომ ახლო მომავალში გაერთიანების გარეშე...სახელმწიფოთაშორისი და უბრალო ადამიანური ურთიერთობები ხვალ შეიძლება არ გვქონდეს“, - განაცხადა ბელარუსის რეჟიმის ლიდერმა.
უკრაინაში ომის დაწყებამდე ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბურ პლაცდარმად იქცა.
ბელარუსის სამხრეთიდან რუსეთმა კიევის მიმართულებით იერიშის მიტანა სცადა.
რუსული აგრესიისთვის ხელის შეწყობის და დიქტატურული მმართველობის გამო მინსკი ბოლო წლებში დასავლური სანქციების ქვეშ მოექცა.
გასულ წელს მოსკოვმა და მინსკმა ხელი მოაწერეს კავშირი-სახელმწიფოს საგზაო რუკას, რაც მმართველობის 28 სფეროში ორი ქვეყნის ინტეგრაციას მოიცავს.
რუსეთმა და ბელარუსმა კავშირი-სახელმწიფოს შეთანხმებას ხელი 1999 წელს მოაწერეს და მას შემდეგ სრული ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.