პუტინი მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით მერკელის სიტყვებით იმედგაცრუებულია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედგაცრუება გამოთქვა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებაზე მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით.
"სიმართლე გითხრათ, ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გულდასაწყვეტია. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ველოდი ამის მოსმენას ყოფილი ფედერალური კანცლერისგან, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ჩვენთან ურთიერთობაში გულწრფელია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 9 დეკემბერს, ბიშკეკში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ "ახლა ნდობის საკითხი დგას".
"ნდობა თითქმის ნულზეა, მაგრამ ასეთი განცხადებების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა შედგეს მოლაპარაკება, რაზე და შესაძლებელია თუ არა ვინმესთან მოლაპარაკება, სად არის გარანტიები", - თქვა პუტინმა. თუმცა, აღიარა, რომ "საბოლოოდ მოუწევს მოლაპარაკება".
7 დეკემბერს Die Zeit-თან ინტერვიუში ანგელა მერკელმა თქვა, რომ 2014 წლის მინსკის შეთანხმებები რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის "გაყინვა" იყო და არა გამოსავალი და ამან უკრაინას "ძვირფასი დრო" მისცა გაძლიერებისთვის.
"2014 წლის მინსკის შეთანხმებები იყო მცდელობა, მიგვეცა დრო უკრაინისთვის. უკრაინამ გამოიყენა ეს დრო, რომ გაძლიერებულიყო, როგორც დღეს ხედავთ, ეს არ არის 2014/15 წლების", - თქვა მერკელმა.