პუტინმა, ბოლო 10 წელიწადში პირველად, დიდი პრესკონფერენცია გააუქმა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეკემბრის ტრადიციულ პრესკონფერენციას არ გამართავს. "რაც შეეხება დიდ პრესკონფერენციას, დიახ, ახალ წლამდე არ იქნება", - განუცხადა 12 დეკემბერს, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მან პირობა დადო, რომ პუტინი არ მოერიდება პრესასთან ურთიერთობას. "ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი კვლავ იპოვის შესაძლებლობას ისაუბროს ჟურნალისტებთან. ის ამას რეგულარულად აკეთებს, მათ შორის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს", - განაცხადა პესკოვმა.
კითხვაზე, ექნება თუ არა პუტინს გამოსვლა წლის ბოლომდე, მისმა სპიკერმა უპასუხა, რომ ეს უნდა დაზუსტდეს.
რუსეთის პრეზიდენტი 2001 წლიდან ატარებს დიდ პრესკონფერენციებს, 2012 წლიდან ეს ღონისძიება დეკემბერში იმართება. პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია მხოლოდ ერთხელ, 2005 წელს გაუქმდა. გარდა ამისა, ის 2009-2011 წლებში, პუტინის პრემიერ-მინისტრობისას არ შედგა.