რუსებმა ხერსონის დატბორილი რაიონები ევაკუაციის დროს დაბომბეს, არიან დაჭრილები
რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოსტროვის მიკრორაიონი დაბომბეს, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა, დაიჭრა ორი სამართალდამცავი.
ამის შესახებ ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
"ხალხს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ, ასეთ რთულ დროსაც კი რუსებმა გადაწყვიტეს შეეხსენებინათ, ვინ არიან სინამდვილეში - ტერორისტები.
ევაკუაციის დროს (ოსტროვის მიკრორაიონიდან - რედ.) დამპყრობლებმა მიკრორაიონი არტილერიით დაბომბეს - დაიჭრა ორი სამართალდამცავი, რომლებიც ხალხს სახიფათო ტერიტორიის დატოვებაში ეხმარებოდნენ." - აღნიშნა პროკუდინმა.
მისი თქმით, ეს მიკრორაიონი ყოველდღე იბომბება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ წყალდიდობა იმდენად მასშტაბურია, რომ ზოგ ადგილას მანქანით გავლა უკვე შეუძლებელია.
მან აღნიშნა, რომ ხერსონის დაახლოებით 1300 მაცხოვრებელი უკვე ევაკუირებულია.