რუსეთი ჩინეთს ეკონომიკურ დახმარებას სთხოვს, მაგრამ პეკინი სანქციებს უფრთხის - WaPo
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ჩინეთს ეკონომიკური დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ პეკინი ამერიკულ სანქციებს უფრთხის, წერს გამოცემა Washington Post-ი ამერიკელ და ჩინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
წყაროს თანახმად, რუსმა დიპლომატებმა ჩინეთს ახალი ფორმით ეკონომიკური მხარდაჭერა სთხოვეს და პეკინის მიერ აღებულ „სავაჭრო ვალდებულებებზე“ მიუთითეს.
ჩინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ამჟღავნებს, პეკინს და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებმა „დაძაბულად“ ჩაიარა.
„ჩინეთმა უკრაინასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს. მაგრამ ჩვენ საკუთარი მდგომარეობის უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ჩინეთი ყოველთვის ჩინელი ხალხის საუკეთესო ინტერესებით იხელმძღვანელებს“, - ამბობს წყარო პეკინიდან.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს რუსეთისთვის დახმარების მიწოდება სურს, თუმცა ისე, რომ პეკინმა სანქციების რეჟიმი არ დაარღვიოს.
„როგორც ჩანს, ეს რთული ამოცანა აღმოჩნდა“, - წერს გამოცემა.
4 თებერვალს ჩინეთმა და რუსეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის მასშტაბურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, სადაც ორ ქვეყანას შორის „უსაზღვრო მეგობრობაზეა“ საუბარი.