რუსეთი ომამდე აგროვებდა კომპონენტებს მაღალი სიზუსტის რაკეტებისთვის - NYT
უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, როგორც ჩანს, რუსეთი აგროვებდა მიკროჩიპებს და სხვა ტექნოლოგიებს, რომელიც საჭირო იყო ზუსტი მართვადი რაკეტების ასაგებად.
ინფორმაცია The New York Times-მა 18 ნოემბერს სამხედრო დაზვერვის კომპანია Janes-ის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა.
Janes-ის თანახმად, რუსეთმა ტექნოლოგიების მომარაგება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალი კომპონენტი გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვისაც, ამიტომ რუსეთმა, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მოახერხა მათი მოპოვება მესამე ქვეყნების ან კერძო პირებისგან.
რუსეთმა "ისკანდერების", "კალიბრების" და ფრთოსანი რაკეტების წარმოება ომის დაწყებამდე გაზარდა და ახლა მარაგების შევსება აუცილებელია მისი შემცირებული არსენალის შესავსებად.
"ისინი, ალბათ, ჩვენი საუბრისას იწარმოება, რადგან ეკონომიკა საომარი მდგომარეობის ზღვარზეა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული მრავალი ქარხანა მუშაობს სამ ცვლაში, შაბათ-კვირასაც კი", - თქვა კომპანიის ანალიტიკოსმა.
NYT წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი გაზაფხულიდან ვარაუდობდა, რომ კრემლს არ აქვს ზუსტი მართვადი რაკეტები, რადგან რუსეთს საკმაოდ სწრაფად ეწურება მარაგები. ამაზე ასევე წერდა ბრიტანული დაზვერვაც.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსეთმა ომამდე არსებული რაკეტების მარაგის თითქმის 70 პროცენტი გაისროლა. მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ 609 ასეთი რაკეტა დარჩა.