რუსეთი უკრაინაში ახალ შეტევებს საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო ვერ იწყებს - ბრიტანული დაზვერვა
საბრძოლო მასალის ნაკლებობა, რომელიც გამწვავებულია ლოჯისტიკური პრობლემებით, არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ხელს უშლის რუსეთის საოკუპაციო ძალებს განაახლონ შეტევითი ოპერაციები უკრაინაში. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის რეზიუმეში ვკითხულობთ, რომელიც 25 ნოემბერს ტვიტერზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ ნოემბერში დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან რუსული ჯარების გაყვანამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა მისცა დაებომბა უფრო შორს მდებარე რუსული ლოჯისტიკური კერები და საკომუნიკაციო ხაზები.
"ამ საფრთხემ დიდი ალბათობით აიძულა რუსები მიწოდების კვანძები, მათ შორის სარკინიგზო მომარაგების პუნქტები სამხრეთით და აღმოსავლეთით გადაეტანათ", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის ლოჯისტიკურ დანაყოფებს სჭირდებათ დამატებითი დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები სარკინიგზო ტრანსპორტიდან ავტოტრანსპორტამდე. ამავდროულად, საავტომობილო ტრანსპორტი უკრაინული არტილერიისგან კვლავ დაუცველია.
რუსეთის საბრძოლო მასალის ნაკლებობა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ამჟამად ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას დაიწყოს ეფექტური, ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევები.