რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ამერიკული კორპორაცია Meta Platforms Inc. (ფეისბუქის, ინსტაგრამის, WhatsApp-ის მფლობელი) იმ ორგანიზაციების რეესტრში შეიყვანა, რომელთა საქმიანობასაც რუსეთის ხელისუფლება "ექსტრემისტულად" მიიჩნევს.
ინფორმაცია 25 ნოემბერს, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში Meta-ს საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
21 მარტს მოსკოვის ტვერსკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკული კომპანია "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" აღიარა. მისი საქმიანობა რუსეთში აკრძალულია.
გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მეტას პროდუქტების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) გამოყენება "არაექსტრემისტული მიზნებით არ უნდა ჩაითვალოს ექსტრემისტული ორგანიზაციის მხარდაჭერად".
ტვერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებამ სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის დამატებითი რისკები შექმნა. კომპანიის სიმბოლოების ნებისმიერი საჯარო დემონსტრირება - ვებგვერდზე, მაღაზიისა და კაფეს კარებზე, მანქანაზე, სოციალურ ქსელებში, პლაკატებსა და სავიზიტო ბარათებზე - შეიძლება იყოს ადმინისტრაციული წესით 15 დღემდე დაპატიმრების საფუძველი.