რუსეთმა სამხედრო კარგოთი დატვირთული გემი ბოსფორზე გაატარა - Bloomberg
რუსეთმა სამხედრო ტვირთის გადასატანად სანქცირებული სავაჭრო ხომალდი სპარტა-2 გამოიყენა, რომელმაც ივლისის ბოლოს სირიიდან რუსეთის მიმართულებით ბოსფორის სრუტე გადაკვეთა, წერს სააგენტო Bloomberg-ი.
სააგენტოს თანახმად, სავაჭრო გემი მოსკოვმა სირიის ტარტუსის პორტიდან რუსეთამდე სამხედრო აღჭურვილობის ჩასატანად გამოიყენა.
სავაჭრო ხომალდი, რომელიც მაისის შემდეგ ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
თურქეთს, რომელიც ბოსფორის სრუტეში ნაოსნობას აკონტროლებს, გემის გატარებისთვის ხელი არ შეუშლია, წერს სააგენტო.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ანკარამ ბოსფორის და დარდანელის სრუტეები სამხედრო ხომალდების ნაოსნობისთვის დაკეტა. ნაოსნობა მხოლოდ სავაჭრო გემებისთვისაა ხელმისაწვდომი.
ამერიკელი მაღალჩინოსანი სააგენტოსთან საუბარში ადასტურებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში შეიარაღების გადატანისთვის სავაჭრო ფლოტს იყენებს.