რუსი ჰაკერები ბულგარეთის სამთავრობო ვებგვერდებს თავს დაესხნენ
რუსი ჰაკერები შაბათს, 15 ოქტომბერს, თავს დაესხნენ ბულგარეთის სამთავრობო უწყებების რამდენიმე ვებგვერდს. ამის შესახებ სააგენტო dpa-ს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ჰაკერების თავდასხმის ობიექტი ბულგარეთის პრეზიდენტის, მთავრობის, საკვანძო სამინისტროებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსები იყო.
"ჰაკერული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მოხდა", - განაცხადა ბულგარეთის ეროვნული საგამოძიებო სამსახურის დირექტორმა ბორისლავ სარაფოვმა. კიბერშეტევის გამო დაზარალებულ საიტებზე წვდომა დაიბლოკა ან შენელდა, მაგრამ ინფორმაცია ან პერსონალური მონაცემები არ გაჟონილა.
"ეს არის თავდასხმა ბულგარეთის სახელმწიფოზე", - განაცხადა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ივან გეშევმა და მომხდარს "სერიოზული პრობლემა" უწოდა. მისი თქმით, ბულგარეთი, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი, იცავს ევროპულ ღირებულებებს, რაც "ნორმალურია".
ელექტრონული მმართველობის სამინისტროს ცნობით, ყველა ოფიციალური ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია.