სანქციებმა კატასტროფული გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე - იელის უნივერსიტეტის კვლევა

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა კატასტროფული გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე. ეს დასკვნა აშშ-ში, იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა, რომელსაც პროფესორი ჯეფრი სონენფელდი ხელმძღვანელობდა, იტყობინება "ამერიკის ხმა" 30 ივლისს.

რუსული სტატისტიკის, რუსეთის სავაჭრო პარტნიორების მონაცემების, სატრანსპორტო ინფორმაციისა და სხვა წყაროების შესწავლის შემდეგ, მკვლევარებმა დაასკვნეს: "კრემლს ფული ეწურება, რუსეთი კარგავს თავის პოზიციას ენერგეტიკულ ბაზარზე, იმპორტის ჩანაცვლება არ მუშაობს, ბიზნესი და მდიდარი რუსები ტოვებენ ქვეყანას".

კერძოდ, თებერვლის შემდეგ 1000-ზე მეტმა კომპანიამ განაცხადა რუსეთიდან გასვლის შესახებ, მათმა ინვესტიციებმა 600 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა კი 5 მილიონს აჭარბებს.

რუსებს თანხები საზღვარგარეთ გააქვთ, რისი ერთ-ერთი ინდიკატორიც მათ მიერ ახლო აღმოსავლეთში უძრავი ქონების შეძენაა.

დუბაიში უძრავი ქონების აგენტები აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები რუსებზე გაყიდვებით გაორმაგდა, ზოგიერთს კი სამჯერაც გაეზარდა.

 

მსგავსი სიახლეები