სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიზი
ვაშინგტონში მდებარე ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) რუსეთ-უკრაინის ომის სიტუაციური შეფასებას აქვეყნებს, რომელშიც 13 ივნისის მდგომარეობით ფრონტის მთავარი ამბებია გაანალიზებული.
გთავაზობთ ISW-ს ანგარიშის ძირითად მიგნებებს, რომელიც ფრონტის სამ მიმართულებას - დონბასს, ხარკოვს და სამხრეთ უკრაინას - აფასებს.
დონბასის ფრონტი
13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა აშკარა საარტილერიო უპირატესობის ფონზე უკრაინელები სევეროდონეცკის ცენტრიდან გააძევეს და უკრაინული წინააღმდეგობის ძირითად ცენტრად „აზოტის“ ქიმიური ქარხანა რჩება.
მიუხედავად ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ოკუპანტებს დაკავებული ტერიტორიის გასამაგრებლად ცოცხალი ძალა არ ჰყოფნით და მათ იერიში ძირითადად საარტილერიო და საავიაციო ცეცხლით მიაქვთ, რომლებსაც სახმელეთო დანაყოფები არ უმაგრებენ ზურგს.
ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი სევეროდონეცკში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე საუბრობს.
გუშინ უკრაინელებმა სევეროდონეცკის მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი ბოლო ხიდი ააფეთქეს, რომლის გამოც ქალაქიდან ევაკუაცია მნიშვნელოვნად გართულებულია.
თუმცა, ჰაიდაი უარყოფს დონეცკელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის, ედუარდ ბასურინის მტკიცებას, რომ სევეროდონეცკის უკრაინელი ალყაში იმყოფებიან.
ჰაიდაის თქმით, უკრაინულ ძალებს დაჭრილების გასაყვანად და მომარაგებისთვის შეზღუდული გზები რჩებათ.
სევეროდონეცკში საბრძოლო ქმედებების გაწელვის ფონზე რუსები სულ უფრო მეტად ცდილობენ უკრაინელების ლოჯისტიკური ხაზების გაწყვეტას.
უკრაინელებმა უკუაგდეს რუსების იერიში დასახლება ვრუბივკაზე, რომელიც ლისიჩანსკი-ბახმუტის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობს.
რუსულ სამხედრო ტელეგრამ-არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბახმუტის სიახლოვეში „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები იბრძვიან.
რუსებმა განაახლეს იერიში ხარკოვის ობლასტის ქალაქ იზიუმის სამხრეთით.
შეტაკება იზიუმის სამხრეთით, 25 კილომეტრში მდებარე დასახლება ბოჰოროდიჩნესთან მოხდა. რუსებმა დასახლების მხოლოდ ჩრდილოეთ გარეუბნის დაკავება შეძლეს.
პარალელურად, ზოგიერთი ცნობით, უკრაინელები იზიუმის დასავლეთით კონტრ-იერიშებს ახორციელებენ.
რუსები ლუჰანსკ-დონეცკის საზღვარზე კონტროლის დასამყარებლად ემზადებიან.
სავარაუდოდ, ისინი ერთდროულად მიიტანენ იერიშს ლისიჩანსკზე და სივერსკზე, რათა უკრაინულ ძალებს დონეცკში, სლოვიანსკის მიმართულებით უკან დახევის საშუალება არ მისცენ.
ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ფრონტის ეს მონაკვეთი მომდევნო ორ კვირაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.
ხარკოვის ფრონტი
ხარკოვის ფრონტზე ხანგრძლივი ოპერაციული პაუზის შემდეგ ინიციატივის ხელში აღებას რუსული ძალები ცდილობენ.
ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკოვის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილზე.
მათ ასევე შეძლეს რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე დასახლების ოკუპაცია.
რუსები და უკრაინელები პოზიციურ და საარტილერიო ბრძოლებს აწარმოებენ ხარკოვი-ბელგოროდის მაგისტრალის მონაკვეთებზე.
სავარაუდოდ, ოკუპანტები ცდილობენ, რომ უკრაინულ არტილერიას პოზიციები წაართვან, საიდანაც მათ რუსული ძალების არიერგარდზე იერიში მიაქვთ.
ხარკოვის ობლასტის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ რუსებმა გუშინ ზალპური ცეცხლით დაბომბეს ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი რაიონები.
სამხრეთი ფრონტი
უკრაინის სამხრეთი ფრონტის ყველაზე აქტიური მონაკვეთი კვლავ ხერსონის ობლასტია, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მცირე მასშტაბის კონტრ-იერიშებს აგრძელებს.
უკრაინელებმა მდინარე ინჰულეცის აღმოსავლეთ ნაპირზე რუსულ თავდაცვით პოზიციებს შეუტიეს.
ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს დავიდივი ბრიდთან, რომელიც მდინარის აღმოსავლეთ ნაპირს სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალთან აკავშირებს, რომლითაც ოკუპანტების ძალები მარაგდებიან.
უკრაინულმა არტილერიამ იერიში მიიტანა რუსული არმიის საწყობებზე, რომელიც ზაპორიჟია-დონეცკის საზღვრიდან 60 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს.