"შტორმის ჩრდილში"- რაზე მეტყველებს ЗСУ-ს დარტყმები ოკუპირებულ ლუჰანსკში
12 მაისიდან მოყოლებული ЗСУ-მ რამდენიმე ზუსტი სარაკეტო დარტყმა მიიტანა ოკუპირებულ ქალაქ ლუჰანსკზე, რომელსაც ამ დრომდე ოკუპანტები ზურგის უსაფრთხო ქალაქად მიიჩნევდნენ.
ლუჰანსკი ოკუპირებულია 2014 წლიდან, ამ წლების განმავლობაში უკრაინის სამხედრო აქტივობა ქალაქში მინიმალური იყო და როგორც წესი სეპარატისტების ლიკვიდირებით შემოიფარგლებოდა. ბოლო 3 დღის განმავლობაში კი ქალაქზე ერთმანეთის მიყოლებით 3 სარაკეტო შეტევა განხორციელდა.
ქალაქი ლუჰანსკი უკრაინელთა უახლოესი პოზიციებიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული, ეს კი უკრაინული არტილერიის წვდომის მიღმაა. ამ დრომდე ЗСУ-ს შეიარაღებაში არსებული ყველაზე შორსმსროლელი საარტილერიო დანადგარი ამერიკული წარმოების რეაქტიული ცეცხლის ზალპური სისტემები, იგივე HIMARS-ებია. უკრაინის განკარგულებაში კი მხოლოდ 70 კილომეტრის სიშორის საარტილერიო რაკეტებია.
აქედან გამომდინარე ЗСУ-ს დარტყმები ოკუპირებული ლუჰანსკის მიმართ ბოლო თითქმის ერთი წლის განმავლობაში მინიმალური იყო. ბოლოს უკრაინის დარტყმის შესახებ ცნობები გასული წლის ივლისში გავრცელდა, როდესაც სევეროდონეცკისთვის ბრძოლა დასკვნით ფაზაში შედიოდა.
ბოლო დღეებში უკრაინელებმა ლუჰანსკში მდებარე საოკუპაციო ადმინისტრაციის სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტები ამოიღეს სამიზნეში.
სამხედრო ექსპერტების აზრით, საქმე გვაქვს გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორი რადიუსის, ფრანკო-ბრიტანული რაკეტების პირველ წარმატებულ გამოყენებასთან.
რა ვიცით
პირველი სარაკეტო დარტყები ოკუპირებულ ლუჰანსკში 12 მაისს, დროის მცირე ინტერვალში განხორციელდა. ერთ შემთხვევაში უკრაინელთა სამიზნე საოკუპაციო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, ხოლო მეორე შემთხვევა პოლიმერების მწარმოებელი საწარმო იყო.
დარტყმების შედეგად საოკუპაციო ადმინისტრაციას დაღუპულების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია, ცნობილია რამდენიმე დაჭრილის შესახებ. თავდაპირველად რუსი სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ დარტყმა საბჭოთა Гром-ის სისტემებით განხორციელდა, თუმცა მალევე ვითარება შეიცვალა.
ადგილიდან გავრცელდა რაკეტის ნარჩენის ფოტოები, რომელთა იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ დარტყმა სწორედ Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა. მალევე ეს ცნობები დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.
სარაკეტო დარტყმა განხორციელდა 13 მაისსაც, გასულ შაბათს უკრაინელებმა სამიზნეში ლუჰანსკის შინაგანი ჯარების აკადემიის ყოფილი შენობა ამოიღეს, რომელიც 2014 წლიდან ყაზარმებად გამოიყენებოდა.
ამ შემთხვევაშიც საოკუპაციო ადმინისტრაცია დაღუპულების შესახებ დუმს და მხოლოდ დაჭრილებზე საუბრობს. უკვე 15 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პირველად ჩამოაგდეს Storm Shadow-ის ტიპის რაკეტა, თუმცა ტრადიციულად თავი შეიკავეს ადგილმდებარეობის და სხვა არსებითი გარემოებების განმარტებისგან.
Storm Shadow-ის გამოყენების შესახებ დუმს უკრაინის გენშტაბიც.
საყურადღებოა, რომ 15 მაისს იმავე ოკუპირებულ ლუჰანსკში თავდასხმა განხორციელდა ე.წ. ЛНР-ის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კორნეტზე. სეპარატისტი, რომელიც ღირსების რევოლუციამდე ადგილობრივი პოლიციის რიგით გამომძიებლად მუშაობდა სადალაქოში ვიზიტის დროს ააფეთქეს.
კორნეტი 2014 წლიდან იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. ცნობილია მისი დაპირისპირების შესახებ სხვა სეპარატისტებთან, მათ შორის საოკუპაციო ადმინისტრაციის ნომინალურ ლიდერთან, ლეონიდ პასეჩნიკთან. სწორედ კორნეტთან დაპირისპირების შემდეგ მოუწია ლუჰანსკიდან გაქცევა წინა ლიდერს, ვლადიმირ პლოტნიცკის.
შეიარაღებული დაპირისპრების მოკლე ფაზის შემდეგ პლოტნიცკიზე რუსეთში გაიქცა და ამ დრომდე ვორონეჟში ცხოვრობს, ხოლო კორნეტმა თანამდებობა შეინარჩუნა. ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ კორნეტი თითქოს ФСБ-მ დააკავა, თუმცა მალევე გავრცელდა მისი ფოტოები იმ დროს ოკუპირებული ხარკივის ოლქში.
რუსული სამთავრობო წყაროების ცნობით, კორნეტი გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულია. კორნეტზე თავდასხმა მაღალი ალბათობით Storm Shadow-ის რაკეტებით არ განხორციელებულა.
უკრაინული გამოცემები წერენ, რომ კორნეტის ლიკვიდაცია უსაფრთხოების სამსახურის CБУ-ს ოპერაცია იყო.
შტორმის ჩრდილში
ამგვარად ლუჰანსკი ერთ-ერთი იმ მრავალ ოკუპირებულ ქალაქს თუ დასახლებას შორისა, რომელიც ამ დრომდე უკრაინელთა წვდომის მიღმა იყო და ბოლო დღეებში მყისიერი საფრთხის ქვეშ მოექცა.
"პუტინის არმია შტორმის ჩრდილში",- ამ სათაურით სტატიას ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უფროსი მკვლევარი ჯეკ უოტლინგი აქვეყნებს.
მას შემდეგ რაც უკრაინელებმა HIMARS-ები მიიღეს, ოკუპანტები იძულებულები გახდნენ სამეთაურო პუნქტები, შტაბები, ტყვია-წამლის საწყობები ფრონტის ხაზიდან 120 კილომეტრის დაშორებით გადაეტანათ. უოტლინგის წერს, რომ რუსებმა მტკივნეული დანაკარგების მიუხედავად მაინც შეძლეს რეორგანიზაცია, რამაც HIMARS-ების ეფექტურობა გასულ თვეებში საგრძნობლად შეამცირა.
"ამგვარად Storm Shadow-ს რაკეტები წარმოადგენს სერიოზულ საშუალებას უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტისა და უკრაინული ტერიტორიების გათავისუფლების გზაზე",- წერს უოტლინგი.
უოტლინგის თქმით, შორი რადიუსის რაკეტები მყისიერი საფრთხის ქვეშ აყენებს ოკუპანტების სამხედრო ინფრასტრუქტურის ფართე სპექტრს: საწვავის საცავებს და ტრანსპორტირებას, სამეთაურო ბუნკერებს და საოფიცრო შტაბებს. ამასთანავე უოტლინგის თქმით, ნაკლებად სავარუდოა, რომ აღნიშნულ შეიარაღებას უკრაინა იმ მოცულობით მიიღებს, რომ ომის ბედი სწრაფად გადაწყვიტოს.
"უკრაინელებმა ამ რაკეტების გამოყენებისას პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ისეთ სამიზნეებს, რომელიც რუსებისთვის დისპროპორციული ეფექტი ექნება და შექმნის ქაოსს ისეთ ადგილებში, რომელთა ათვისებაც მათ მოახლოებული კონტრიერიშის ფარგლებში შეეძლებათ",- წერს უოტლინგი.
ამ რაკეტების შესაძლო გავლენაზე საუბრისას ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც - "სწორი გამოყენებისა და შესაბამისი საინფორმაციო ოპერაციის თანხმლებით უკრაინელებს მტერზე კოგნიტური შეტევის შანსი აქვთ. ამ გაგებით უშუალოდ ამ რაკეტების უკრაინელთა განკარგულებაში არსებობის ფაქტი შესაძლოა ისევე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც მათი გამოყენება".