შვედეთი ირანში მისი მოქალაქის სიკვდილით დასჯას გმობს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა დაგმო შვედ-ირანელი დისიდენტის, ჰაბიბ ჩააბს სიკვდილით დასჯა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ "ტერორიზმისთვის" გაასამართლა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯა არის არაადამიანური სასჯელი და "შვედეთი, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, გმობენ მის ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებას."
"მას შემდეგ, რაც ჰაბიბ ჩააბს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შვედეთის მთავრობამ ეს საკითხი ირანელ მაღალჩინოსნებს დაუსვა და მოითხოვა განაჩენი არ აღასრულონ", - დაწერა ბილსტრომმა.
მისი თქმით, მან პირადად განიხილა ჩააბის გასამართლება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
AFP-ის ცნობით, ირანის მოქალაქე ჰაბიბ ჩააბი 2020 წლის ოქტომბერში, თურქეთში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ირანში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩააბს ასევე შვედეთის მოქალაქეობა აქვს, ირანის ხელისუფლება ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს.
ჩააბი ირანში მეამბოხე დაჯგუფების, ჰარაკატ ალ-ნიდალის წევრობისთვის გაასამართლეს. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია 2005 წლიდან, სავარაუდოდ, შვედეთისა და ისრაელის სპეცსამსახურების დახმარებით ტერაქტებს აწყობდა. 2022 წლის დეკემბერში მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მარტში კი განაჩენი ირანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 2022 წელს ირანში სიკვდილით დასჯილთა რიცხვი 75%-ით გაიზარდა და სულ მცირე 582-ს მიაღწია.