უკრაინა: რუსების შეტევა რამდენიმე მიმართულებით შევაჩერეთ
რუსი დამპყრობლები აღმოსავლეთში და სამხრეთში ცდილობდნენ შეტევას, შევაჩერეთ და უკან დახევა ვაიძულეთ. ამის შესახებ ინფორმაციას 8 ივლისს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ხარკოვის მიმართულებით მტერი ატარებს თავდაცვით ოპერაციებს და ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება გარკვეულ რაიონებში. დემენტიევკასთან [ხარკოვის ჩრდილოეთით] ჩვენმა დამცველებმა ორჯერ მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმა და უკუაგდეს ის", - ნათქვამია განცხადებაში.
სლავიანსკის მიმართულებით, უკრაინელი სამხედროების თქმით, დამპყრობლები ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია.
"მტრის შეტევითი მოქმედებები ბოგოროდიჩნეს დასახლების მიდამოში ჩავარდა. დამპყრობლებმა ზარალით დაიხიეს უკან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მძლავრი საარტილერიო იარაღით ზიანი მიაყენეს მტრის პოზიციებს ქ. ვერხნეკამენსკის ტერიტორიაზე, რამაც აიძულა მტრის ქვედანაყოფები დაეტოვებინათ დასახლებული პუნქტი", - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
გენერალური შტაბის ცნობით, დამპყრობლებმა არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით, წარუმატებლად სცადეს შეტევის დაწყება დონეცკის ოლქის სოფლების სპორნოიესა და ივანო-დარიევკას რაიონებში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
"სამხრეთ ბუჟის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ველიკოიე არტაკოვოს დასახლების მიდამოში. უკრაინელმა ჯარისკაცებმა სწრაფად აღკვეთეს ეს მცდელობა და განდევნეს დამპყრობლები", - აღნიშნავს უკრაინული მხარე.