უკრაინა: რუსეთს მალიდან უკრაინაში დაქირავებული სამხედროები გადაჰყავს
რუსი ოკუპანტები ცდილობენ უკრაინაში თავიანთი ძალები აფრიკაში მოქმედი კერძო სამხედრო კომპანიების დაქირავებული მებრძოლებით შეავსონ. ამის შესახებ ინფორმაციას 31 ოქტომბერს, ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"უკრაინის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეძებს გზებს, რათა შეავსოს საოკუპაციო ჯარების შემადგენლობა სამხედრო კომპანიების ხარჯზე. მიუხედავად მნიშვნელოვანი იმიჯური და პოლიტიკური ზიანისა საერთაშორისო ასპარეზზე, გადაწყდა კერძო სამხედრო კამპანიების კონტიგენტის გაყვანა მალის რესპუბლიკიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსი დაქირავებული სამხედრო, უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, "ცდილობენ შექმნან საავიაციო კომპონენტი, რომელიც შეიძლება უკრაინაში გამოიყენონ".
"მიუხედავად ამისა, პილოტების ეფექტურობა და მომზადება, რომლებიც იყენებენ Mi-8-ს [ვერტმფრენი] სხვადასხვა მოდიფიკაციას, არ აძლევს მათ საშუალებას დანიშნულებისამებრ შეასრულონ დავალებები. გარდა ამისა, ეკიპაჟის მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს სირიასთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული ხელფასები", - განმარტავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წყარო.