უკრაინა: თურქეთმა დააკავა რუსული ხომალდი, რომელსაც მოპარული ხორბალი გადაჰქონდა
ანკარაში უკრაინის ელჩი ვასილ ბოდნარი აცხადებს, რომ თურქეთის საბაჟო უწყებამ რუსული ხომალდი დააკავა, რომელსაც მოპარული უკრაინული ხორბალი გადაჰქონდა.
გემი ჟიბეკ ჟოლი, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავს, თურქეთის ქარასუს პორტიდან 1 კმ-ში იმყოფება, წერს სააგენტო Reuters-ი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გემზე, რომელიც ოკუპირებული ბერდიანსკის პორტიდან გამოვიდა, 4 500 ტონამდე მარცვლეული გადააქვთ.
ბოდნარის განცხადებით, უკრაინა თურქეთისგან მარცვლეულის კონფისკაციას და უკრაინული მხარისთვის გადაცემას მოელის.
კიევი მოსკოვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხორბლის და სხვა მარცვლეულის მითვისებაში ადანაშაულებს.
თურქეთის ოფიციალურ უწყებებში გემის დაკავებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.