უკრაინა: ვემზადებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გასანადგურებლად და ყირიმის დასაბრუნებლად
უკრაინელი სამხედროები ავითარებენ საკუთარ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო შესაძლებლობებს და ელოდებიან პარტნიორი ქვეყნებიდან უფრო შორი დისტანციის იარაღის მიღებას შავი ზღვის გათავისუფლების ოპერაციის დასაწყებად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 19 ივლისს გამოქვეყნდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რომელიც დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს უკრაინის ჯარების წვრთნებს ადევნებს თვალს, რუსეთმა უნდა დატოვოს ანექსირებული ყირიმი, თუ მას სურს გააგრძელოს არსებობა, როგორც სახელმწიფომ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინა იღებს ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსებს და ადრე თუ გვიან დამპყრობლების "ფლოტს დაუმიზნებს". მისი თქმით, ეს გარდაუვალია, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება.
"ჩვენ მზად ვართ შევუტიოთ მათ [ფლოტს] შავი ზღვის მასშტაბით, თუ ასეთი შესაძლებლობა გვექნება... მათ უნდა გადაიხადონ თავიანთი აგრესიისთვის", - შეაჯამა გავრილოვმა.
გავრილოვმა გაიხსენა, რომ რუსული გემები შავ ზღვაში რეგულარულად ესვრიან ფრთოსან რაკეტებს უკრაინის ინფრასტრუქტურას. მისი აზრით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას არ შეუძლია მარცვლეულის ექსპორტი პორტებიდან, რადგან რუსეთი სავაჭრო გემებს თავს დაესხმება.