უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ოპოზიცია გაერთიანდა

"თავისუფალი რუსეთის" ლეგიონმა და რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ", რომლებიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ მოსკოვის აგრესიას უკრაინაში, ოთხშაბათს, 31 აგვისტოს, ირპენში ძალების გაერთიანების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები იზიარებენ საერთო ამოცანებს, გაათავისუფლონ რუსეთი "პუტინის ტირანიისგან და რაც შეიძლება მალე დაასრულონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი". გამოცხადდა ერთიანი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების მხარეთა ინტერესებს სხვა ქვეყნების ხელისუფლების წინაშე, ასევე განახორციელებს ერთობლივ საინფორმაციო პოლიტიკას და გააცნობს რუსულ საზოგადოებას ოპოზიციური ძალების მიზნებსა და ამოცანებს.

ცენტრის საქმიანობის კოორდინაცია ილია პანამარიოვს დაევალა, რომელმაც ეროვნული რესპუბლიკური არმიის სახელით ხელი მოაწერა დეკლარაციას თავისუფალი რუსეთის ლეგიონის წარმომადგენელთან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ბრძოლის სიმბოლო თეთრ-ლურჯი-თეთრი დროშა იქნება.

"თავისუფალი რუსეთის" ლეგიონი

"თავისუფალი რუსეთი" უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ქვედანაყოფია, რომელიც ძირითადად რუსი სამხედრო ტყვეებისგან და მოხალისეებისგან ჩამოყალიბდა. მისი შექმნის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის მარტში სოციალურ ქსელებში და უკრაინულ პრესაში გავრცელდა. ლეგიონი ორი ბატალიონისგან შედგება, სადაც ჯამში ივნისისთვის 250 ადამიანი იბრძოდა.

23 აგვისტოს, უკრაინულ გამოცემა "Новое время"-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკოსმა ილია პანამარიოვმა ლეგიონს "რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული აქტივისტური ქსელი" უწოდა. მისი თქმით, ლეგიონში მებრძოლთა რიცხვი "ათასი ადამიანზე ნაკლები არ არის".

მსგავსი სიახლეები