ზელენსკიმ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის შექმნა მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ქვეყნის ახალი მთავრობის შექმნა მიულოცა.

შესაბამისი პოსტი უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე 29 დეკემბერს დაწერა.

"გისურვებთ წარმატებებს ისრაელის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გზაზე, ვადასტურებ უკრაინის მზადყოფნას მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენი კავშირების გასაძლიერებლად და საერთო გამოწვევებთან დასაპირისპირებლად, კეთილდღეობისთვის და ბოროტების ძალებზე გასამარჯვებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.

კონტექსტი

29 დეკემბერს ისრაელის ქნესეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერად მეექვსედ დაამტკიცა. ის ისრაელის ლიდერი 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. ნეთანიაჰუ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პრემიერ-მინისტრია. ახალი სამთავრობო კოალიცია ულტრამემარჯვენე და რელიგიური პარტიებისგან შედგება.

ფიცის დადებამდე, ქნესეთთან მიმართვისას, ნეთანიაჰუმ ახალი მთავრობის სამი მთავარი პრიორიტეტი წარადგინა: ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ისრაელის შიდა უსაფრთხოების აღდგენა.

21 ოქტომბერს, USA Today-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, თუ ის კვლავ გახდებოდა მთავრობის მეთაური.

მსგავსი სიახლეები