ალექსეი ნავალნი 2008 წელს ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიშს იხდის
რუსმა ოპოზიციონერმა და პოლიტიკურმა პატიმარმა, ალექსეი ნავალნიმ საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც 2008 წელს ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა.
"ჩემდა სამარცხვინოდ, ჯერ კიდევ 2008 წელს დავწერე პოსტი, რომელიც ქართველებს შეუარცხყოფდა. თავში ის ფაქტი მიტრიალებდა, რომ ცხინვალში ჩემს მეგობარს ბომბავდნენ.
ამის გამო ბოდიში მოვიხადე და ახლა კიდევ ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ამის გამო საქართველოში ჩემს აზრს წონა არ აქვს," - წერს რუსი პოლიტიკოსი.
2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს ალექსეი ნავალნიმ ულტრა ნაციონალისტური პოზიცია დაიჭირა.
მან მხარი დაუჭირა რუსეთის არმიის მოქმედებებს და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას.
ნავალნი რუსეთის არმიას მოუწოდებდა, რაკეტები საქართველოს გენშტაბისთვის დაემიზნებინა.
მან ქართველები [გრუზინები] გრიზუნებად მოიხსენია, რაც მღრღნელებს ნიშნავს. რამდენიმე წლის შემდეგ ნავალნიმ ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიშიც მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ მისი პრინციპული პოზიცია უცვლელია.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში მას შემდეგ დააკავეს, რაც საწამლავით მკვლელობის მცდელობის შემდეგ გერმანიაში იმკურნალა და რუსეთში საკუთარი ნებით დაბრუნდა.