ამერიკის სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ - კვლევა
8 ნოემბერს ამერიკაში კონგრესის ქვედა პალატის, სენატის წევრების მესამედის და 36 შტატის გუბერნატორის არჩევნებია.
მაღალი ინფლაციის და პრეზიდენტ ბაიდენის საქმიანობით გაზრდილი უკმაყოფილების ფონზე, სავარაუდოდ, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ.
სხვადასხვა ფაქტორების შეწონვით გაკეთებული მოდელირებით, FiveThirtyEight რესპუბლიკურ პარტიას სენატში 100-დან 52 მანდატს უწინასწარმეტყველებს, The Economist კი - 51-ს.
ორივე მოდელირებით ცხადია, რომ ბოლო კვირებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით რესპუბლიკელების მხარდაჭერა იზრდება.
ვიდრე არჩევნების შედეგებისთვის გადამწყეტ შტატებზე კონკრეტულად ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ მოდელირების ეს მეთოდი ითვალისწინებს სოციოლოგიურ კვლევებს, დემოგრაფიას, კანდიდატების ფინანსურ რესურსებს და ისტორიულად ამ შტატებში დაფიქსირებულ შედეგებს.
სექტემბერში, ორივე მოდელირებით მცირე უპირატესობით, მაგრამ ფავორიტები დემოკრატები იყვნენ, თუმცა, მას შემდეგ ეს უპირატესობა გაქრა.
სენატის არჩევნების ბედს რამდენიმე ისეთი შტატი გადაწყვეტს, სადაც კანდიდატებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
პენსილვანია: რესპუბლიკელების კანდიდატი მეჰმეთ ოზი შტატის ვიცე-გუბერნატორ ჯონ ფეტერმანს უპირისპირდება. დემოკრატების კანდიდატს მაისში ინსულტი ჰქონდა, რის შემდეგაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე თვის წინ არჩევნებში ღია ფავორიტად მიიჩნევდნენ, დემოკრატიული პარტიის მიმართ უკმაყოფილების ზრდის ფონზე, ეს ფაქტორი მისი გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.
ჯორჯია: რესპუბლიკური პარტიის სენატორობის კანდიდატი ჰერშელ უოლკერი ამერიკული ფეხბურთის ლეგენდაა. ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატი აქტიურად საუბრობს აბორტის აკრძალვის აუცილებლობაზე. თუმცა, კამპანიისას ის რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა, რომ უოლკერმა მათ აბორტის გაკეთება აიძულა. ამის მიუხედავად, მკვეთრი პოლარიზაციის ფონზე მისი მხარდაჭერა არ შემცირებულა და ის მცირედით უსწრებს მის დემოკრატ კონკურეტ რაფაელ უორნოკს, რომელიც ჯორჯიის სენატორი 2020 წელს გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიაში არჩევნებში გამარჯვებისთვის პირველ ადგილზე გასვლა არ არის საკმარისი და თუ 50%-ზე მეტ ხმას ვერცერთი კანდიდატი ვერ იღებს, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 6 დეკემბერს ჩატარდება.
ნევადა: წლევანდელი არჩევნების ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნევადას შტატია, რომელიც უკვე წლებია დემოკრატებისთვის კომფორტულ შტატად ითვლება. თუმცა, მოქმედი სენატორი კატერინ კორტეზ მასტო საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მცირედით ჩამორჩება რესპუბიკელების კანდიდატ ადამ ლაქსალტს, რომელიც შტატის გენერალური პროკურორია. დემოკრატების პოზიციები შტატში ინფლაციამ და გაზის ფასის ზრდამ ძალიან დააზარალა. ასევე აღსანიშნავია ესპანურენოვანი მოსახლეობის რესპუბლიკური პარტიისკენ გადახრის ტრენდი, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყო.
არჩევნების მოდელირებით ნევადას შტატში კანდიდატებს გამარჯვების ფაქტობრივად თანაბარი შანსი აქვთ.
არიზონა: შტატის მოქმედი სენატორი, ლეგენდარული კოსმონავტი, დემოკრატი მარკ კელი არჩევნების აშკარა ფავორიტი იყო. არიზონას შტატი უკვე წლებია უფროდაუფრო ლიბერალური ხდება და ამჟამად სენატში ორი დემოკრატი სენატორით არის წარმოდგენილი. კელის პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებდა ის ფაქტი, რომ მისი რესპუბლიკელი კონკურენტი ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ბლეიკ მასტერსია, რომელიც პარტიის ყველაზე რადიკალურ ფრთას წარმოადგენს და არ აღიარებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
ამის მიუხედავად, კელის თითქოს გარანტირებული გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არიზონაში ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატმა (დაახლოებით 2%-იანი მხარდაჭერით) რესპუბლიკელების სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, რამაც კელისა და მის კონკურენტს შორის სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით და არჩევნების ამ მეთოდოლოგიით ჩატარებული მოდელირებით, ამჟამად ამერიკის სენატის არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება ძალიან რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა რესპუბლიკური პარტიის პოზიციები ძლიერდება.