ამერიკულმა კომპანიამ ღაზაში დახმარების შესატანად ქართველი მძღოლები დაიქირავა - Haaretz

ამერიკულმა კომპანია Arkel International-მა ღაზაში ტვირთების შესატანად ქართველი და სერბი სატვირთო ავტომობილების მძღოლები დაიქირავა.

State Of Play: Haaretz-ის ცნობით, რომ ამერიკული სამშენებლო და ლოგისტიკური კომპანია "ღაზას ჰუმანიტარული ფონდის" (GHF) ქვეკონტრაქტორია. ის ქირაობს მძღოლებს, რომლებიც ისრაელის სამხრეთ ნაწილში სასტუმროში ცხოვრობენ და დღეში ერთხელ ან ორჯერ ისრაელის თავდაცვის ძალების ესკორტით ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთები გადააქვთ.

  • ორშაბათს Haaretz წერდა, რომ კომპანიამ ისრაელში ათობით თანამშრომელი ჩაიყვანა.
  • "ჩემმა უფროსმა ბროკერის მეშვეობით ისრაელში წასვლა შემომთავაზა და მითხრა, რომ ორჯერ მეტსაც გამოვიმუშავებდი," – განუცხადა Haaretz-ს 32 წლის ქართველმა მძღოლმა. "ჩვენი სამუშაოა, დილით დავტვირთოთ სატვირთო მანქანები და ღაზაში წავიდეთ. ისრაელის არმია გვახლავს განაწილების ზონაში. ჩვენ მივდივართ სატვირთო მანქანებით, იქ იცლება ტვირთი და მაშინვე მოვდივართ. ზოგჯერ ასეთი ორი რეისი გვაქვს დღეში."
  • Haaretz-ის ცნობით, რომ კომპანიამ მძღოლები მაღალი ხელფასის შეთავაზებით დაითანხმა, რადგან მათ სამშობლოში არსებულ ხელფასზე ორჯერ მეტს, დაახლოებით 4000 შეკელს ($1170) სთავაზობს თვეში.

Big Picture: "ღაზას ჰუმანიტარული ფონდი" (GHF), რომელსაც ისრაელი და აშშ უჭერენ მხარს, მაისში, მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ისრაელმა სექტორზე თითქმის სამთვიანი ბლოკადა დააწესა ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

  • ჯგუფი მიზნად ისახავს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას ჰამასის გვერდის ავლას. ისრაელის მტკიცებით, ჰამასი რეგულარულად იტაცებს გაეროს ეგიდით შესულ დახმარებებს.
  • გაერომ და სხვა ჰუმანიტარულმა ჯგუფებმა მკაცრად დაგმეს GHF.
  • გაერო აცხადებს, რომ ბოლო თვეებში დახმარების გამანაწილებელ პუნქტებში 1300-ზე მეტი პაკესტინელი დაიღუპა GHF-ის ობიექტებთან ახლოს.
  • ისრაელის თავდაცვის ძალები აღიარებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებთან მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას, თუმცა ამბობს, რომ გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსხვერპლის რაოდენობა გაბერილია.

მსგავსი სიახლეები